პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-30

ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.

„მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად", - განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.

„გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ისე ღვარცოფულ ქანებს და იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ ტურისტულად. მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და ეს ხალხი, იმიტომ, რომ 1 თვის განმავლობაში, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს მათაც, თითოეულ საოჯახო სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ, ასე რომ აქ იქნება სრული ყურადღება. შტაბი შექმნილია, მას ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე, ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია აქ რომ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი",- განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზოგი კონგრესმენის მხრიდან იქნება შექება, ზოგის მხრიდან კრიტიკა, მთავარია, ის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება.
მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, რაც სამწუხაროა.

„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

„სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, სხვადასხვა სფეროებში - უსაფრთხოების ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ რეალობის მოდელირებას - სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება" ან მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება ეს თუ სხვა სახის ვალდებულებები და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შეექმნას, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო პარტიისთვის და მთავრობისთვის არა - ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ. განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და როდესაც მოკლევადიანი საარჩევნო კონიუნქტურული პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა იცოდეთ, რომ ამით ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა დავაზიანოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუასთვის სასამართლოს მიერ 4-წლიანი სასჯელის მისჯის შესახებ და განაცხადა, რომ, „თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის".

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, რომელიც ბოლო წლებში აშკარად პროგრესს განიცდის.

„მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.

„წარმოდგენა არ მაქვს პრეზიდენტი მას შეიწყალებს თუ არა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე არის ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანების ოჯახების ტრაგედიების გამოყენება არაეთიკურია.

„ეს მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, ეს ეთიკური არ არის, აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. თუ გამოძიების შემდეგ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეუზღუდვია. ბევრჯერ შევხვედრივართ და ბევრ საქმეზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური