2020 წლის 23 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-23

 

 დღის წესრიგი 

სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პირველი საკითხი, რასაც პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს უდიდესი ყურადღება იმისთვის, რო შენარჩუნდეს ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით.

„დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების  24 შემთხვევა, დღეს 12, ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა  ბაზრებსა თუ ბაზრობებზე. ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.

„შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, იმისთვის, რო შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ან ერთ ან მეორე სფეროში, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარია გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს, სამძიმარი გამოუცხადა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში,  უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური