პრემიერ-მინისტრი 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-01

-__---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრები ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ მოლაპარაკებით დაიწყო.

შედგა შეთანხმება, რომ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

მოლაპარაკებების შედეგად, ასევე გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე, ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

საუბრისას განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე - ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანკარაში ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ახალ დინამიკას შესძენს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, სამუშაო სადილზე გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრების დასრულებისთანავე, მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა შესაძლებელია, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გაორმაგდეს.

გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა თურქეთთან განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და თურქ ხალხს და მათ ლიდერს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

"დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, უსაფრთხოების სფერო, კულტურული ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო არის ენერგეტიკული, კულტურული ხიდი თურქეთისთვის მის მოძმე ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთვის თურქეთი არის ხიდი ევროპის მიმართულებით და ამ კონტექსტში ჩვენი ენერგოკორიდორების ფარგლებში თანამშრომლობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის როლს როგორც შავი ზღვის, ისე უფრო ფართოდ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. დიდი მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ აზრს, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრეზიდენტ ერდოღანთან დღევანდელი საქმიანი დისკუსია კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და არის საფუძველი სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში განახლებისთვის.

გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი და საქმიანი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი გახარიას მიწვევა მიიღო და აღნიშნა, რომ თბილისს გაზაფხულზე ეწვევა. თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

"იგი გახლავთ ლიდერი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა. მჯერა, რომ ძვირფასი მეგობრის ლიდერობისას საქართველო განაგრძობს განვითარებას და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. შეხვედრაზე ჩვენი ისტორიული კავშირები, ერთობლივი ფასეულობები და მეზობლობით ჩვენთვის მოტანილი შესაძლებლობები განვიხილეთ. დღეს მითითება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს და უახლოეს მომავალში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა. ჩვენს მეგობარ საქართველოსთან ვაჭრობიდან ტურიზმამდე, ენერგეტიკიდან თავდაცვამდე, ყველა სფეროში განვითარებადი ურთიერთობები გვაქვს. მჯერა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება", - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.

ვიცე-პრეზიდენტ ოქტაისთან პირისპირ შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

მაღალი დონის შეხვედრებზე თურქულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას და მუზეუმი დაათვალიერა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური