პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის  სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა   ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-28

  ..

ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის  სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კარდინალ პაროლინის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წმინდა საყდრის  სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

საუბარი ასევე  შეეხო კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ისწავლონ რომში რელიგიური მეცნიერებები და მიიღონ მუსიკალური განათლება იტალიის წამყვან კონსერვატორიებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური