პრემიერ-მინისტრი 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-15

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
 
მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შედგა. შეხვედრაში ასევე  მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
 
გიორგი გახარიას შეფასებით,  რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს.
 
„2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობას, რაც მისი შეფასებით, ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში.
 
„პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და  გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ  შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წლიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური