მამუკა ბახტაძე - განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-02

---

სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების - როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეწამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს. 
„უფრო მეტიც, განათლების, როგორც ეროვნული იდეის რეალიზაცია არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დამოუკიდებლობის შემდეგ. 
მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა - ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში - მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის. მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფლება გადის განათლებაზე. 

"პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე და ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს დავინახე ის სისტემური პრობლემა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მთავრობას, მოეხდინა რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით. ეს პრობლემა ყველაზე კარგად გამოჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით - ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა მიმდინარე გამოწვევები, საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და ამავე დროს, რესურსები მიგვემართა სტრატეგიული მიმართულებების დასაფინანსებლად და თან ეს ყველაფერი მწირი ბიუჯეტის პირობებში. შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი იყოს პრიორიტეტი, ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ექნება სტრატეგიული განვითარების პერსპექტივა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავსვი ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში, რათა საკანონმდებლო დონეზე დაგვეყენებინა განათლებისათვის რესურსების მობილიზაციის საკითხი. შედეგად მივიღეთ კანონში ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება, მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი, მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ. შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ციფრი, თუმცა, სინამდვილეში ესეც მინიმალურია. სახელმწიფოს მხრიდან მშპ-ის 6%-ის ინვესტირება განათლებაში საშუალებას მოგვცემს, კერძო სექტორიდან მოვიზიდოთ დამატებით 4-5% და ქვეყნის ეკონომიკაში განათლება გავხადოთ დომინანტი სექტორი ორნიშნა წილით მთლიან ეკონომიკაში - ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავუსწორდებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა 

მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების ასეთი ფუნდამენტური რეფორმა გარკვეულწილად ისტორიული მისიის გაგრძელებაა, ვინაიდან, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდებში, დიდი წინაპრები მთავარ აქცენტს სწორედ განათლებაზე აკეთებდნენ. 
„ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულია პირველი რესპუბლიკის გამოცდილება, რომლის დროსაც, სულ რაღაც სამ წელიწადში, მთავრობამ 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი. 21-ე საუკუნეში საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ცოდნა. მე მწამს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების და, შესაბამისად, განათლება ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა თავისუფლებისკენ. სწორედ განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, ინჟინრები, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები - ხალხი, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო. 
განათლების რეფორმაში გამოვყავით ხუთი დონე: 
- სკოლამდელი განათლება; 
- ზოგადი განათლება; 
- პროფესიული განათლება; 
- უმაღლესი განათლება და 
- მეცნიერება. 

ეს რეფორმა გულისხმობს: 
- ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევარებისთვის; 
- ყველა დასახლებულ პუნქტში უმაღლესი სტანდარტის სკოლებისა და ბაღების მშენებლობას; 
- ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შექმნას; 
- წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების შემოსვლას საქართველოში; 
- საქართველოს, როგორც განათლების კერის იდეის რეალიზაციას. 

განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კულტურასთან ერთად, არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და დიდი რესურსის - ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამივე ამ მიმართულების განვითარება იყოს ჰარმონიული და ურთიერთდაკავშირებული", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური