მამუკა ბახტაძემ - მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-16

-

ეს ტენდენციები, რაც გვაქვს, მე მაძლევს იმედს, რომ მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში,   სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა.

„დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, ალტერნატივა არ აქვს. მე კარგად მახსოვს ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ინვესტიციები ამ დარგში იყო უსაფუძვლო და რომ სოფლის მეურნეობას თურმე საქართველოში პერსპექტივა არ ჰქონდა. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ რეფორმები, 900 მილიონ დოლარზე მეტი დეფიციტი გვქონდა მარტო სოფლის მეურნეობით პროდუქციის ვაჭრობაში. ჩვენ შევძელით და ის შევამცირეთ სამჯერ. რომ არა ეს გამოწვევა, რომელიც გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, ჩვენ წელსვე შევძლებდით ამ დეფიციტის სრულად აღმოფხვრას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებსა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, მათი მეცნიერების ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს. მათ მართლაც 24-საათიან რეჟიმში შეძლეს შეუძლებელი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფერმერებს. ეს პროექტი იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ როდესაც არის სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევაც ვერ შევძლოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თხილის მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური