საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-11

---

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეს და ამ ხნის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ აშშ-ი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

"საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და მთელი აშშ მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე... საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით - საბჭოთა კომუნიზმის რეჟიმში ყოფის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ - ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას. ვამაყობთ, რომ ქვეყნის ჯეროვანი პარტნიორები ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ის ძნელად მოპოვებული მიღწევების დაკარგვის რისკისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ მტკიცედ დასავლური განვითარება გააგრძელოს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს აშშ-სთან კარგი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის",- განაცხადა მაიკლ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების პოტენციალზე. მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს და ამერიკელ ბიზნესმენებს მათი ათვისებისკენ მოუწოდა.

"დღეს საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანა და საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა გავხდეთ ოქროს სტანდარტი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით. ინვესტიციებს იზიდავს შესაძლებლობები, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. გადასახადები საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია... ჩვენი ნაყოფიერი დისკუსიისას განვიხილეთ საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების გზები. ჩემი გზავნილი ყველგან მკაფიოა - საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური