პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-31

--

ქალბატონო პარლამენტის ვიცე სპიკერო,


პატივცემულო პარლამენტის წევრებო,


ქალბატონებო და ბატონებო


დღეს უკვე მეორედ ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში. პირველი რაც მსურს გითხრათ, ის არის, რომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე და დიახ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანი.
მე ისევე, როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი, ამ ფორმატს სცემს ძალიან დიდ პატივს და მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას. მე ვფიქრობ, ბოლო თვეების განმავლობაში მინისტრების მოსვლა პარლამენტში, მათი რაოდენობა და პასუხები ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. როდესაც არის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე კითხვები, მთავრობა ვალდებულია გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. ჩვენ ამას ვაკეთებთ და იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ.


წინა ინტერპელაციის დროს მე აღვნიშნე, რომ ვისურვებდი მეტ შინაარსობრივ შეკითხვას, ნაკლებად მოტივირებულს სხვადასხვა პოლიტიკური პოპულიზმით და დღესაც მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ინტერპელაციაზე როდესაც ვუპასუხებ, 6 შეკითხვაა რეალურად, რომელიც ერთ შეკითხვაშია დასმული იურიდიულად, ორ სხვადასხვა თემაზე. მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში გამომსვლელებს, მაგრამ შემდეგში შევეცადოთ იყოს კონკრეტული თემა, რომ შევძლოთ გავშალოთ, გვქონდეს დისკუსია და საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. 
რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს - პირველი სამი შეკითხვა ეხება საპენსიო რეფორმას და აქ პასუხი არის ძალიან ნათელი - ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში, არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება. ასე, რომ აქსიომებზე დავას მე ვფიქრობ, დავას აზრი არ აქვს, ტყუილად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო - ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული, ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული პენსია მომავალში. 
უფრო მეტიც, 15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, ან გამბედაობა ამ რეფორმის დაწყების, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს და ამავე დროს, ვერ იქნებოდა ისეთი პოპულისტური განცხადებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცეები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, ისე, რომ მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდათ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მინდა ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული.

რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს არჩევანი და ანალიზი - ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც ის გავა საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან მე არ ვგულისხმობ საბაზისო პენსიას - მიიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს. დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი. 
რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგი, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა. უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ის ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც - ეგრეთ წოდებულ მესამე სვეტს.


ახლა, რაც შეეხება იმას, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის - რაც არ უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი - საინვესტიციო საბჭო შეირჩა და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით. მე ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ. დიახ, ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიექტური კრიტერიუმებით. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის ჯეიპი მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის სახელი და გვარები, რომლებიც არიან საინვესტიციო ბორდში წარმოდგენილი. თქვენ თვითონ შეაფასეთ რა თამასაზეა საუბარი. მით უმეტეს მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში.
კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დანია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. შინაარსზე კი ბატონო, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განთავსება. მაგრამ, თითონ ბორდის დაკომპლექტების პროცესი აჩვენებს ჩვენს სულისკვეთებას.


შემდეგ შეკითხვას რაც შეეხება, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებით პრინციპულია, განსაკუთრებით ჩემთვის, ეს შეეხება ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიას. რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის თანახმად, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მოხდა ამ რეზოლუციის მიღება და მთავრობა დაევალა, თქვენი განკარგულებით, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშული ქართველი მოქალაქეების წინაშე, სასტიკი დანაშაულის. აქვე შევთანხმდით ყველა და უნდა ვიხელმძღვანელოთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი.


მინდა აქვე გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ გამოსვლას, ვერცერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრის, რომ ეს საკითხი არ წამოიწიოს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოებას ეს ძალიან კარგად იცის. ახლა რაც შეეხება საერთაშორისო აქტივობებს. აშშ-მა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე დღის წინ , რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს ამისთვის. მეორე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი სანქციები დაუწესონ. მესამე, უკვე ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ დააწესა ეს სანქციები. მეოთხე, ირლანდიის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია. მეხუთე, კანადის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია. ეს ყველაფერი ქმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ამ სიის იმპლემენტაცია. დიახ, მე გავიმეორებ ის რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე. მე ბოლო დღეების განმავლობაშიც მქონდა კონსულტაცია შესაბამის ორგანოებთან და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რომ ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის იმპლემენტაციაში რეალურ ცხოვრებაში და ამას აუცილებლად მივაღწევთ.


შემდეგი შეკითხვა - საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით - ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. მოდი, ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა - პირველი - რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, არ ყოფილიყო ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე - ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი - 7 პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ, თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? - 21 პროცენტი. გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. 
რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები.


რაც შეეხება „თი-ბი-სი ბანკის" საკითხს - ყველა ინსტიტუციური აქციონერი „თი-ბი-სი-ში", მათ შორის „თი-ბი-სის" მენეჯმენტი თანხმდება და მოხდა ეროვნულ ბანკთან შეთანხმება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თქვენ ინსტიტუტებზე საუბრობთ. ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და მათ შორის ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება, ესეც არის ლეგიტიმური. ეს არის პასუხი ინსტიტუციური აქციონერების და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ ამბობთ.


„თი-ბი-სი ბანკთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი ბანკს" შორის. ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის მხრიდან და გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა და ამას ეთანხმებით? თუ ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის ეთანხმებით ამ შეთანხმებას, მაშინ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რაც მოჰყვება ამ ქეისს.


პასუხის მოსმენა თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. თუ გნებავთ წერილობით გამოგიგზავნით უფრო დეტალურს. თქვენი კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია. რატომ განვმარტე, იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც გამოიყენა, რა ნაბიჯიც გადადგა, მას დაეთანხმა ყველა. ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი.

ქალბატონო ვიცე-სპიკერო, პატივცემულო დეპუტატებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით.

რაც შეეხება მეორე ინტერპელაციის შეკითხვას, მინდა გითხრათ, რომ წინა ინტერპელაციის შეკითხვისგან განსხვავებით, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება შინაარსობრივი განხილვა და დღეს საზოგადოება მიიღებს რეალურ სურათს. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ მომავალში მსგავს საკითხებზე იყოს მსჯელობა და არა იმ იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციებზე, რომელსაც სამწუხაროდ პირველი ინტერპელაციის დროს ჰქონდა ადგილი.

რეალურად, მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ძვირი უჯდება გადასახდელის გადამხდელს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა და მეორე - რა სერვისს ღებულობს ის სახელმწიფო სტრუქტურისგან  რამდენად ხარისხიანი და ადეკვატურია ამ გადახდილ ფასთან. ეს არის ძალიან მარტივი კრიტერიუმები.

შავი ხვრელი რასაც შეიძლება უწოდო, სწორედ იმ მოდელს, რომელიც თქვენ გქონდათ. „პარტაქტივების" დასაქმებასთან დაკავშირებით კი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ როგორ მოღვაწეობდა. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს - ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც არ იყო ეს აღრიცხვა, შესაბამისად, მათი ანალიზიც ძალიან რთული იყო. შარშან იყო ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის - ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ტრანსფარენტულობას, გამჭვირვალობას ზომავს, საქართველო მოხვდა მეხუთე ადგილზე ნორვეგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით. ამასთან ერთად, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გვექნებოდა ყველაზე ამბიციური ამოცანა, რომ რაც სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო ხარჯი რაც შეიძლება შეგვემცირებინა. მე ამაზე პოლიტიკური ვალდებულებაც ავიღე და ვთქვი, რომ ეს იქნება 3,9 პროცენტი.

რაც შეეხება საბიუჯეტო პარამეტრებს - როდესაც თქვენგან ჩავიბარეთ ბიუჯეტი, იყო თითქმის 18 პროცენტი. წელს, ის არის 13,5 პროცენტი. რაც შეეხება ციფრს - დღეს, მათ შორის სსიპების და აიპების ჩათვლით 225 000-მდე მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის პოლიციელები, სამხედროები, პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ადამიანები, ჩვენი მეხანძრეები, მაშველები, ექიმები, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. ყველა სხვა ფუნქცია რომ გამოვყოთ ამ პროფესიებიდან, არის დაახლოებით 30 პროცენტი. შესაბამისად, ამ მაჩვენებლების პირობებში როდესაც კრიტიკა გვესმის, ეს არ არის ოპონირება ამ ციფრების შემდეგ - ეს სპეკულაციაა.

რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ეს არის მოცემული მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი მექანიზმით, როგორ ფასდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტურობა. ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ზომავს ნორვეგიაც და იაპონიაც. თქვენ თვითონ შეხედეთ, რა ეფექტურობა გვაქვს ამ ნაწილში. ეს არ არის ვიღაც პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული ექსპერტი, რომ ათას სისულელეს იტყვის. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. ამასთან ერთად, ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა  ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იცით, რომ ბაღები გახდა უფასო. გაიზარდა მოთხოვნა და მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი საშუალება გვქონდეს  ბიუჯეტში, რომ უფრო მეტი ავაშენოთ და შესაბამისად მეტი მასწავლებელი დავასაქმოთ, რომელიც დღეს რეალურად დეფიციტია.

რეგიონებში სასწრაფო დახმარების ფუნქციის ზრდაზე არაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის.

მე მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი, რომ დიახ, თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკულ პროფესიებზე, მასწავლებლებზე, პოლიციელებზე, სამხედროებზე, დიახ, ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზრდება. გაუმჯობესდება მათი სოციალური პირობები. ეს არის კრიტიკული პროფესიები, რომლის მხრებზეც დგას ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტულად როგორ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანებისთვის ეს პირობები, რა გავაკეთოთ უკეთესად, რა რეფორმები გვაქვს გასატარებელი, მიდიხართ იმ ციფრებამდე, რომელიც წარმოდგენილია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ხარჯები ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთი.

ბოლოს, მე მინდა ყველაზე მტკივნეულ საკითხს შევეხო და ეს არის სიღარიბე. ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც მე ვისურვებდი, რომ ყველაზე მწვავე კითხვები ისმოდეს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო მტერი. ის უნდა იქნას დაძლეული. ამის მაგივრად ვისმენთ იმას, რაც მოვისმინეთ 20 წუთის უკან. უყურეთ, რა ჩავიბარეთ თქვენგან. რა სიღარიბის ნიშნული. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამაზე არის სასაუბრო, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს. ამაზე კონკრეტული პროექტებიც არის წარმოდგენილი. მე შემაჯამებელ სიტყვაში ვისაუბრებ ამაზე. მაგრამ, რაც მსურს გითხრათ ამ გამოსვლის დროს, არის შემდეგი - „ქართული ოცნება" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს: პირველი, წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე. მეორე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ. მესამე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში. შემდეგ იქნება თქვენგან იგივე სიტყვები ნათქვამი, რაც თქვით გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ ყველაფერი მათ შორის ვალების ჩამოწერაც კეთდება მხოლოდ არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ მოამზადოთ წინადადებები, როგორ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას ამისთვის.

ამავე დროს, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ სწორედ „ქართული ოცნება" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამ ფუნდამენტურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.  მე არ მიყვარს ციფრებით სპეკულირება, სიღარიბე არის ყველაზე დიდი ტკივილი ოკუპაციასთან ერთად ჩვენთვის - ის, რომ თითოეულ ქართველ ღარიბ ოჯახს, რომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება  არასდროს არ ექნება საკვების პრობლემა.