პრემიერი საერთაშორისო ექსპერტ ჯერემი სარკინს  ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს როლის გაძლიერებაზე ესაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-29

ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს როლის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო ექსპერტმა ჯერემი სარკინმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 
ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას. 
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს ნებისმიერ რეფორმას, რომელიც ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა. 
მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა ჯერემი სარკინის რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების საბჭოს უფლებამოსილების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება. 

ჯერემი სარკინი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით შემუშავებულ შემაჯამებელ ანგარიშს 31 იანვარს წარადგენს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ტუია ალთანგერელი და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე მონაწილეობდნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური