2018 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

უახლოეს მომავალში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ახალ, 7-მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე გაიტანონ - განკარგულების პროექტი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების ხელმოწერის შესახებ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. შეთანხმება ივნისის ბოლოს, ჰონგ კონგში "Belt and Road"-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.
ხელშეკრულება განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის პირობებს და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკეები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ რაუნდში დასრულდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ერთი მხრივ, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს.
საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. უახლოეს ხანში, ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰონგ კონგთან. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ინდოეთსა და ისრაელთან.
მთავრობამ დღეს ასევე დაამტკიცა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ფუნქციურ ზონას, მათ შორის სამრეწველო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სატრანსპორტო და სხვა მნიშვნელოვან ზონებს.
გუდაური სარეკრეაციო ტერიტორიაზე განაშენიანების კუთხით სამ ძირითად ტერიტორიად იყოფა, ესენია - ცენტრალური გუდაური; ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი და საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან.

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამუშავა ცნობილმა კანადურმა კომპანია ECOSIGN-მა.
პროექტით დაგეგმილია საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობა, ასევე 18 ძირითადი საბაგირო გზის მოწყობა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მგზავრთა გადასაყვანად მთის მაღლობებზე ღირშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის პერიოდში.
სამთო-სათხილამურო კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენს კურორტზე არსებული საკუთრებებისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების გრძელვადიან ხედვას, სადაც გუდაური მოიაზრება მთელი წლის განმავლობაში აქტიურ, განვითარებულ, რეგიონული დანიშნულების კურორტად.
მთავრობამ დღეს ასევე დაამტკიცა ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში გუდაურში რამდენიმე საბაგიროს რეკონსტრუქცია, 3 ახალი საბაგიროს აშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ასევე განხორციელდება კურორტ გუდაურის გათოვლიანების სისტემით აღჭურვის მე-2 ფაზა.

აღნიშნული ღონისძიებები სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ინვესტიციების ზრდას.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა. დოკუმენტია განსაზღვრავს ქვეყნის რეგიონული და ტერიტორიული განვითარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, სამოქმედო პრიორიტეტებსა და შესაბამის ღონისძიებებს. იგი ეფუძნება ეროვნული დაგეგმვის დოკუმენტებსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
პროგრამა მომზადდა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ჩართულობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. საჯარო განხილვების ეტაპზე მაქსიმალურად აისახა შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც გამოთქმული იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების, განვითარების პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.

რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრებისა და განვითარების ჩარჩო პოლიტიკის თანამედროვე მიდგომებს, რაც გულისხმობს განვითარების ინტეგრირებული და ტერიტორიაზე მორგებული სტრატეგიების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე, ვადაზე ადრე დასრულდება. ამჯერად საუბარია პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც განხორციელდება აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც 9000 აბონენტია. ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, ადიგენიდან კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის თბომომარაგების ალტერნატიული წყაროს შექმნის საქმეში. პროექტს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" განახორციელებს.
მთავრობამ ასევე მოიწონა შპს „ვინდ ფოვერ ჯორჯიასთან" „ხაშურის ქარის ელექტროსადგურის" თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომლის თანახმად, კომპანია ხაშურში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობას შეისწავლის. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 18 თვეს გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური