მამუკა ბახტაძე - სწორედ სოციალური სოლიდარობის დონე აჩვენებს ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების სიძლიერეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-24

---

სწორედ სოციალური სოლიდარობის დონე აჩვენებს ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების სიძლიერეს, სოციალური სოლიდარობა არის სწორედ ის მუხტი, რომელიც ყოველთვის შექმნის დადებით ენერგიას ნებისმიერ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "სოლიდარობის ფონდის" საქველმოქმედო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფონდი ოთხი წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

პრემიერ-მინისტრმა საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორებს და დიზაინერებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მსგავსი ინიციატივა საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემია.

"უკვე ოთხი წელია, რაც სოლიდარობის ფონდი ფუნქციონირებს და მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია ამ ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს - ფონდმა შეძლო და გადაარჩინა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მსურს, დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, დიზაინერებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. თითოეული ასეთი დღე ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ სოციალური სოლიდარობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოში. მე მინდა, მივმართო ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო სექტორს, რომ უფრო ვიაქტიუროთ, სიკეთე არის გადამდები და ჩვენ გვჭირდება მეტი სიკეთე ქვეყანაში ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქველმოქმედო საღამოზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები. გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "სოლიდარობის ფონდში".

"სოლიდარობის ფონდი" 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 15 000 000 ლარზე მეტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური