პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-02

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მთავარ სინაგოგაში დღეს სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვან მეგობრობას და ებრაელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უსურვა.

„დღევანდელი დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო იმისა, რომ არსებობს იმედი და ერთსულოვნებით ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ქართველი და ებრაელი ხალხის ძმობა და მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქართველი ებრაელები ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას "იუნესკო" მალე აღიარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რადგან ეს ურთიერთობა და ძმობა ყველასთვის სამაგალითოა.
ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიაზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური