საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-27

___

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

როგორც შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იყო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და ამ სტანდარტებით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც.

საუბარი შეეხო ასევე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების გამორიცხვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა დამკვირვებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა სამართალდამცავი უწყებების როლს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წესრიგის უზრუნველყოფაში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ შესაძლო კანონდარღვევაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური