პრეზიდენტმა ტუსკმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა დაადასტურა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-21

  ..

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.

პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით.

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, მათ შორის ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში საქართველოს თემატიკის მუდმივი ხაზგასმის აუცილებლობაზე.

ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის  სამშვიდობო ინიციატივები და მათი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების დამკვიდრებულ პრაქტიკას და ამ კონტექსტში დადებითად შეაფასა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ევროკავშირის საბჭოში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური