საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები” ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-05

  2

ძვირფასო სტუმრებო!

თქვენო აღმატებულებავ!

პატივცემულო გამომსვლელებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ყოფნა. ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვმონაწილეობ  და ამავდროულად ჩემს ქვეყანას - საქართველოს წარმოვადგენ.

დავიწყებ იმით, რომ საქართველო მდიდარი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაა. ჩვენ ბუნებრივი ხიდი ვართ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. არა მხოლოდ გეოგრაფიული კავშირი ვართ, არამედ ორი უდიდესი ცივილიზაციის კვეთის წერტილადაც ვიქეცით საუკუნეების განმავლობაში. ამან მნიშვნელოვანი გავლენა  იქონია ჩვენზე, კულტურულად და ცნობიერების მხრივ. ბევრი რამ შევიმეცნეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი სიამაყე - ღვინო გაგვაჩნია. სიამაყის ბევრი მიზეზი გვაქვს, მაგრამ ყველანი უნდა ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით იხილოთ ყველაფერი, რადგან დღევანდელი დღე არ მეყოფა მოსაყოლად.

გასულ წელს ბორდოში ფრანგებმაც კი აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მეღვინეობის ქართული ისტორია თითქმის 8000 წელს ითვლის. ვისაც ქართული ღვინო გაუსინჯავს, გაიგებს, რატომ არის ის განსაკუთრებული, რადგან ყოველი წვეთით შეიგრძნობ იმ სიყვარულს, რომელსაც ქართველები ღვინის კეთების პროცესში  ვაქსოვთ.

საქართველო ახლად წარმოქმნილი ბაზარია, რომელიც ცდილობს, გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს, მეტად იყოს დივერსიფიცირებული და უკეთესად ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემოს შექმნა ქვეყანაში.

ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატებები ითვლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. მსოფლიოში მე-6 ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში. ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონის ლიდერი გახდება ეკონომიკური ზრდითა და განვითარებით. ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მე-16 ადგილზე ვართ „ჰერითიჯის ფონდის" კვლევებით, ხოლო მე-5 ადგილზე - ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით. ჯერ არ დამისრულებია... მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს საქართველოს, რადგან მსოფლიო ბანკის დასკვნით, ჯამური საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9.9 პროცენტია, რითაც მსოფლიოში მე-3 ადგილას მოვიაზრებით.

ყოველივე ამის გამო, არც არის გასაკვირი, რომ უდიდესი გეგმები და ამბიციები გვაქვს, რომ გავხდეთ რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ ტურიზმის და ლოგისტიკის სფეროში, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურების სახით.  რეგიონის ისტორიული ცენტრი ვართ და ასეთი პიონერული მიდგომებით ჩვენს გამოკვეთილ რეგიონულ როლს სამომავლოდ ვაქვითკირებთ.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააჩნია როგორც ჩინეთთან, ისევე ევროკავშირთან. ამასთანავე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გაგვაჩნია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ისლანდია), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან, თურქეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში მოქმედ კომპანიებს კი ანიჭებს საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზართან.

საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და ყველაზე უსაფრთხო კარიბჭეა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით აღვნიშნეთ ისტორიული პარტნიორობის დასაწყისი და ამით ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნა მიღწეული ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის სახით. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ორ ქვეყანას, რადგან საქართველოს გააზრებისას ყველამ რეგიონი უნდა წარმოიდგინოს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზე განვითარდა და საუკეთესო მაგალითი გახდა საერთო ინტერესებისა და სარგებლის მქონე თანამშრომლობის სახით. რიგით მე-3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი საქართველოსთვის 2017 წელს და - მე-5 უმსხვილესი საექსპორტო დანიშნულება.

ჩემი მიმართვის დასაწყისში ვახსენე და გავიმეორებ, რომ დიდი პატივია თქვენს წინაშე დღეს ჩემი გამოსვლა. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზიცია ჩინეთის მთავრობის ინიციატივით ტარდება და რეგიონში სავაჭრო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გვწამს, რომ ეს ღონისძიება ყველას წაადგება და ვაჭრობის ხელშეწყობის ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის გლობალურ ვაჭრობას მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზრის საშუალებით.

დღევანდელ ღონისძიებაზე 50 კომპანიაა წარმოდგენილი საქართველოდან. მათი პროდუქცია გამოფენილია ჩვენს ეროვნულ პავილიონში.

ქართულ კომპანიებს ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ გლობალური ვაჭრობის ნაწილი. ასეთი პლატფორმა დამატებით მუხტს სძენს გლობალური ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას, რადგან მთელს მსოფლიოში ხდება მწარმოებელთა წარმოჩინება და მხარდაჭერა. გლობალური ეკონომიკური წინააღმდეგობების ეპოქაში ასეთი ინიციატივა - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზიცია - ძლიერი კომპონენტია გლობალური ეკონომიკის დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც ასევე ახდენს მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებას.  სწორედ ასეთი მომავალი წარმოგვიდგენია საქართველოსთვის - მდგრადი და გლობალურ ეკოსისტემებთან სრულად ინტეგრირებული ეკონომიკა, რომელიც დივერსიფიცირებული და ნაკლებად მოწყვლადი იქნება მცირე ერების ეკონომიკური სტაბილურობის წინაშე მდგარი საფრთხეების მიმართ.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სულ ახლახან გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად და ამას ვაპირებთ მდგრადი ბიზნესპრაქტიკის წახალისებით და სამთავრობო ინიციატივების შემუშავების მხარდაჭერით, რომელიც მიზნად დაისახავს ნახშირბადის ემისიის მნიშვნელოვან შემცირებას  და ბუნებისადმი ნამდვილად კეთილგანწყობილ ერად ჩამოყალიბებას. საკუთარი ქვეყანა წარმოგვიდგენია ისეთ ადგილად, სადაც არ ხდება გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას მოვახდენთ და ჩვენს ჰიდრორესურსებს გამოვიყენებთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის  მხოლოდ მდგრადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებით.

ამ გზაზე პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ ადამიანურ კაპიტალს, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როდესაც მხოლოდ უპირატესი ცოდნისა და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო ქმნიან ფასეულობას. ეს ასე არ არის რამდენიმე შემთხვევაში, თუმცა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ხარვეზების არსებობას ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ზუსტად ამ მიზეზით წამოვიწყეთ ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეფორმა. ვაპირებთ, განათლების სექტორს ყოველწლიურად მოვახმაროთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად ორციფრიანი ასიგნებები.

ყველა ამ ინიციატივასთან ერთად, ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვან ნაწილს მივმართავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 2023 წლისთვის ვაპირებთ, დავასრულოთ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი და ამით გავზარდოთ ქვეყნებს შორის კავშირი. საქართველო გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი. ის მილსადენი, რომელიც კასპიის ზღვის ნავთობსა და ბუნებრივ აირს აკავშირებს თურქეთსა და ევროპას, საქართველოს გავლით გადის. იქმნება ახალი საავტომობილო და სარკინიგზო გზათა ქსელი, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს. კიდევ უფრო განვითარდება  ჩვენს მონაკვეთზე არსებული პორტები, მათ შორის ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი. გაძლიერდება საქართველოს პოზიცია და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება "ერთი სარტყელისა და გზის" ინიციატივაში, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საქართველო ყველაზე მოკლე და უსაფრთხო მარშრუტს სთავაზობს აზიასა და ევროპას. მხოლოდ 10 დღე სჭირდება ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვას აღმოსავლეთ ჩინეთიდან საქართველომდე ე.წ. შუა კორიდორის გამოყენებით. ჯერჯერობით, ეს ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია ჩინური საქონლის ევროპაში მოსახვედრად და პირიქით.

ეკონომიკურ ზრდაზე ვერ ვისაუბრებთ 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების განხილვის გარეშე. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული ციფრული გადაწყვეტისა და ნოუ-ჰაუს მნიშვნელობა  ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ მიზეზით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „ბლოკჩეინის" ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორის მიერ მომხმარებელთა მომსახურების სფეროში და ვაგრძელებთ სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას ქვეყანაში.

ჩვენი მიზანია, საქართველო გრავიტაციის ცენტრად ვაქციოთ ინვესტორებისთვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან მტკიცედ გვაქვს განზრახული, დავნერგოთ ყველა საჭირო ზომა და რეფორმა. ხშირად ვახასიათებ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, როგორც მსხმოიარე ხეს, რომელსაც მწიფე ნაყოფი ქვედა ტოტებზე უკვე დაკრეფილი აქვს და მხოლოდ კენწეროზე შემორჩა - მე მხედველობაში მაქვს რეფორმები. ახლა წინ გვიდგას რთული ამოცანა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი მოტივაციის მეშვეობით.

დაუღალავად ვაგრძელებთ მაღალ წონით კატეგორიაში ასპარეზობას და ამიტომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟთან მიმდინარე წლის დეკემბერში ხელს მოვაწერთ მემორანდუმს მისი ფილიალის საქართველოში გახსნის თაობაზე. მის ევროპულ წარმომადგენლებს შორის, თბილისი მეორე იქნება პარიზის შემდეგ. ჩვენ გვსურს, საუკეთესო შესაძლო გარემო შევუქმნათ ინვესტორებს და საერთაშორისო არბიტრაჟი ნამდვილად შეძლებს თამაშის წესების შეცვლას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

და ბოლოს, საქართველოს პრაქტიკული მაგალითის დახმარებით შევეცადე პასუხი გამეცა იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ვაჭრობასა და ინვესტიციების არსებულ მდგომარეობას, როგორ შეძლებს საქართველო მისგან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავებას და ფილოსოფიის ათვისებას.

მადლობა ყურადღებისთვის!