მამუკა ბახტაძემ ჯონ ბოლტონს უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-26

---

--

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა პირისპირ შეხვედრისას, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკას და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში სრულიად ახალ დონეზე გადავიდა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ასევე - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს როლს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა.

„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე. ის არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის და რაც მთავარია - ყოვლისმომცველი. ჯონ ბოლტონთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელზეც საუბარი ვაშინგტონში ჩემი ვიზიტისას დავიწყეთ. შევეხეთ საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ამ გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას პრინციპულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ვისაუბრეთ რეგიონულ კონტექსტსა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც უნდა იყოს საქართველოში, რათა ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი. მას აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად სტრატეგიული, კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძისა და ჯონ ბოლტონის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები და ჯონ ბოლტონის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური