“მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი” - პრემიერ-მინისტრის ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის განხორციელება იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-22

---

მოგესალმებით ყველას,
ორი თვის წინ ზუსტად ამ ადგილზე მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. სწორედ „მწვანე ეკონომიკა" არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, მშენებლობა და, რა თქმა უნდა - ტრანსპორტი.

დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას.

მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტრო ტრანსპორტს შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება ფაქტობრივად გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტრო ტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტრო ავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთი სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტრო ავტომობილს და იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით მიიღებს, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე.

ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში გაგვიჩნდება საკმაოდ მსხვილი ბაზარი.

ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა.

მინდა ამავე დროს შევეხო ძალიან მნიშვნელოვან დადებით მომენტს. ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა გახლავთ სავაჭრო და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ საწვავზე მოდის. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადართვას აქვს დამატებით უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და, ამასთან ერთად, გავაჩინოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის ძალიან მსხვილი მომხმარებელი.

აქვე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეს უკავშირდება არა მხოლოდ ელექტრომობილების განვითარებას და ამ ტრანსპორტის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად, რომ საჯარო ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა. მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საცობებს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილები კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ადილობრივ ბაზარზე.

როდესაც ვსაუბრობთ საჯარო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც უნდა დაინერგოს საქართველოში და ეს არის მოხმარების კულტურა. ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში.

ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სწორედ რკინიგზაში ჩემი მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, ვინაიდან, ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და მე ვიტყოდი, რეტროგრადული. ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი - რკინიგზა. ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით გააკეთა - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით.

დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული; დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქათველოში დ რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია.