ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას შესანიშნავს უწოდებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-25

---

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება, - ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბროკ ბიერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრისას ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ძლიერ პარტნიორობას საქართველოსთან, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მხოლოდ მეორე კომპაქტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რითაც სასწავლო გარემო 37 ათას მოსწავლეს გაუუმჯობესდა.

მთავრობის მეთაურმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რომელსაც ტრანსფორმაციული ძალა აქვს. აღინიშნა ათასწლეულის გამოწვევის  კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზნების სრული თანხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვასთან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მომდევნო წელს კომპაქტის დასრულების საკითხი და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის პოტენციალის ზრდაზე ზრუნვა, რაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საშუალებითა და პროექტის დახურვის შემდეგ მდგრადობაზე მუშაობით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ცხადად გვაქვს გაცნობიერებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა", - განაცხადა ბროკ ბიერმანმა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტები, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში. კომპაქტის ფარგლებში, საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ქვეყანაში შემოვიდა აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამებზე ამჟამად ჯამში 550 სტუდენტი სწავლობს, პირველი კურსდამთავრებულები კი პროგრამას 2019 წელს ეყოლება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური