საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის საზღვაო სტრატეგიას და პრემიერ-მინისტრის ხედვებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-13

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი საქართველოს მთავრობის საზღვაო სტრატეგიას და პრემიერ-მინისტრის ხედვებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს.
შეხვედრაზე, რომელიც მამუკა ბახტაძესა და კიტაკ ლიმს შორის ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გეგმები, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საზღვაო განათლებაში, ასევე, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდეთ ამ სექტორში მომუშავე და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საზღვაო ტრანსპორტის წარმატებით განვითარების მიმართულებით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციებს ყოველთვის მიესალმება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური