მამუკა ბახტაძე: ,,სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან'' ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-12

„მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დადგა ახალი სამართლებრივი რეალობა - მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, დავალება მივეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მარიხუანის მოხმარების რეგულაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდა ნაწილი მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან.

„მარიხუანის მოხმარების რეგულაციის შესახებ კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოხელეებისთვის, პედაგოგებისთვის ექიმებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოზარდების მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად დაისჯება 21 წლამდე პირის მიერ მარიხუანის მოხმარება, ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთა მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.

„ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. შეგახსენებთ, რომ მარიხუანის გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დასჯადია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგულაციის ნაწილია ის, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო პროცესი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური