საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-23

2

3  1

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართულმა მხარემ გერმანიას მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ქართველი სტუდენტების ცოდნისა და მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება.

შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური