პრემიერ-მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-09

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულიზს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია. დადებითად შეფასდა ამ პროცესში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღინიშნა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესულ პირთა მიმართ საერთაშორისო მასშტაბით ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხი არსებულ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური