პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-31

--

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური