ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-19

  2

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რაც ახალ დინამიკას შესძენს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს.

საუბარი შეეხო საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისა და ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლის გაზრდას.

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური