მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-06

_____________

1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც თითოეული ამერიკელისთვის დღესასწაულია; ჩემთვის კი ეს გახლავთ სიმბოლო ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ერთიანობისა და ერის ფასეულობებისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ საზეიმო მიღებაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამერიკა არის დიდი სახელმწიფო სწორედ მისი იდეალებიდან, ფასეულობებიდან გამომდინარე, რომლებიდანაც არასოდეს გადაუხვევია.

„242 წლის წინ ამერიკელმა პატრიოტებმა განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორად, ყველას აქვს რწმენის, სიტყვის თავისუფლება და ადამიანი ერთადერთია, ვისაც საკუთარი ბედის გადაწყვეტა შეუძლია. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ერთიანობისთვის. ჩვენ 2018 წლის 26 მაისს აღვნიშნეთ პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. 100 წლის წინ მიღებული კონსტიტუცია არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს თაობას, რომ ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებული საქმე ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და მოხდეს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. 90-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ-ი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, ვინც აღიარა ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა და პირველი დღიდან მტკიცედ დგას ჩვენს გვერდით თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესში. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ ებრძვიან მსოფლიოს მთავარ და ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა 12 ივლისს დაგეგმილ ნატოს სამიტზე, იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

„ნატოს სამიტზე იმსჯელებენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავდგათ, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო დავაჩქაროთ. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ბუნებრივია, ვერასოდეს შევძლებდით ამას, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები.  მინდა, ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. მინდა, თითოეულ ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური