მამუკა ბახტაძე - განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-27

1

როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია, არ გქონდეს შეგრძნება, რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში; როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე, ამავე დროს გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნების შეუქცევადობა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეხვედრა დღეს ზუგდიდის მოსახლეობასთან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ის განცდა, რომელიც, ყველა ქართველს ეუფლება, როდესაც ჩადის, დგას და გრძნობს ამ მიწას.

"ჩვენი ქვეყნის ისტორია ძალიან რთულია და ეს თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის. ეს არის ისტორია, რომელიც მიეძღვნა ჩვენს თავისუფლებას და ღირსებას. როდესაც ასეთი ჟამი დგებოდა და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია - როდესაც იყო იდეა საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ღირსების - ეს ულამაზესი კუთხე თავის პრინციპულ და მე ვიტყოდი, გადამწყვეტ სიტყვას, ყოველთვის ამბობდა. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვისობრივად გადავედით ახალ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის დამსახურება, ეს არის ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურება, რომლებმაც შეძლეს და შეგვინარჩუნეს ეს უნიკალური კულტურა. კულტურა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საერთო ევროპულ ცივილიზაციაში. მაგრამ ჩვენი უახლესი ისტორიაც ხომ ძალიან მძიმეა და ტკივილით სავსე. ეს განსაკუთრებით სამეგრელომ გამოსცადა თავის თავზე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა უბედურება დატრიალდა 90-იან წლებში აქ. ეს იყო უსამართლობის განცდა, მაგრამ ამავე დროს თქვენ აჩვენეთ ისეთი ხასიათის სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს მაგალითი. ჩემთვის ეს ნამდვილად მაგალითია. ომი არის ტკივილი და წარსული. ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ სწორედ განვითარებული და  ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, კონკრეტული ამოცანების მიღწევა და რაც მთავარია ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს არის ხასიათის სიმტკიცე და მდგრადობა იმ გამოწვევების მიმართ, რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და ძლიერ რეგიონებს; ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული და შევძლოთ ჩვენი კუთხეების, რეგიონების უპირატესობის მაქსიმალური გამოყენება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ კუთხით, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეკონომიკისთვის სამეგრელო უნიკალური კუთხეა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი. ამის შემდეგ, ფოთის და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება უნიკალური სამრეწველო პოტენციალი. სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში, რომელიც გახდება იმისი გარანტი, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გახდება კონკურენტუნარიანი და ევროპული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა თავსებადობაზე ევროპასთან, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ეკონომიკა დავაწიოთ ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო,  სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას, სადაც ჩვენ ვანახებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება. სწორედ ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის უნდა იყოს მთავარი ამოცანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით სამეგრელოს უნიკალურ შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ ზიანზე, რომელიც რეგიონს და ქვეყნის ეკონომიკას აზიურმა ფაროსანამ მიაყენა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვნად  გამოსწორებულია სიტუაცია და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი მოსავალი შექმნის იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დარჩა.

"განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს, ტობოვარჩხილი, ულამაზესი კანიონები, ხავსის სამეფო, დადიანის სასახლე, არ მინდა რამე გამომრჩეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პოტენციალის 10 პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას. ამ ნაწილში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ ამ მიმართულებით ჩვენს ინვესტიციებს. ჯანსაღ და განვითარებულ ტურიზმს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ დღეს არსებული ტემპები არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში. ამიტომ, ტემპები აუცილებლად დაჩქარდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა მორჩეს ვადაში და უნდა დავიწყოთ სხვა, რაც შეიძლება ახალი პროექტები, კიდევ უფრო მოკლე ვადაში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე ხაზი გაუსვა ქართველებისთვის, როგორც ძველი ერისთვის კულტურისა და ფასეულობების სასიცოცხლო მნიშვნელობას.

"როდესაც სამეგრელოში ჩამოდიხარ და შენი თვალით უყურებ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა შეინარჩუნეს და რისი დიდი ნაწილიც მუზეუმებშია დაცული, კარგად ხვდები, რამხელა სახელმწიფოებრიობისა და სიყვარულის განცდა ჰქონდა ამ ხალხს, რომელმაც ეს ყველაფერი შეინარჩუნა და საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ, მომავალმა თაობამ ეს ჩვენი თვალით დავინახოთ. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ ჩვენც ანალოგიურად, ასეთივე სახელმწიფოებრივი მიდგომით, ასეთივე მტკიცე ხასიათით, ქვეყნის სიყვარულით და რაც მთავარია ერთსულოვნებით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელის თითოეულ ჩვენთაგანს სურს, რომელიც სურდათ ჩვენს წინაპრებს და რაც მთავარია ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება ღირსების, ღირსეული ცხოვრების მომტანი და ერთადერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოს გაერთიანება და ძლიერი ევროპული ქვეყნის შექმნა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ზუგდიდის მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური