გამოსვლა ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-27

---

მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან საინტერესო ნაბიჯებს დგამს ქართული დიასპორების გაძლიერების მიმართულებით, რადგან დიასპორის თითოეული წარმომადგენლის წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებაა. გამოსვლის დასაწყისში, პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს, განსაკუთრებით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლებს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და მიგრაციის, საშინაო საკითხთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადება გაიხსენა: „როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად ჩვენი პირველი უვიზო რეისი შედგა ჯერ ათენში - ევროპის კულტურულ დედაქალაქში, ხოლო შემდეგ ბრიუსელში - პოლიტიკურ დედაქალაქში, იმ საღამოს ბრიუსელში, ჩვენს საელჩოში გამართულ მიღებაზე საქართველოს დიდმა მეგობარმა ევროკომისარმა , დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა - "რომ არ ყოფილიყო საბჭოთა ოკუპაცია, საქართველო აუცილებლად იქნებოდა ევროკავშირის დამფუძნებელ მამათა შორის". ეს განცხადება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ტრადიციების და ისტორიის მნიშვნელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ ამაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ტიტანურ საქმეზე, ვიდრე ჩვენ ამას აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნლოვანია. თუ გნებავთ, ეს ჩემი მხრიდანაც იმის აღიარებაა, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან სამწლიან მონაკვეთს 1918 წლიდან 1921 წლამდე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი და საქართველოს ვუსურვო, მართლაც გამხდარიყოს ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, როგორც ამას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები ოცნებობდნენ 1918 წლის 26 მაისს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა დიასპორების როლს საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს სამშობლოდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასულ, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ხელს უწყობს მათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს კონსტიტუციაში სრულიად განსაკუთრებული ჩანაწერის გაჩენა და დიასპორის თემის უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე წამოწევა. „2018 წელს, პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს თავისი თანამემამულეების მიმართ. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მრავალრიცხოვან დიასპორულ ორგანიზაციებთან. სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ქართულმა დიასპორამ შეინარჩუნოს მშობლიური ენა და ეროვნული თვითმყოფადობა. ამავე დროს ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გახლავთ, საქართველო იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც თითოეულ თქვენგანს, ჩვენს ყველა თანამემამულეს შეეძლება საკუთარი ნიჭის, ცოდნის რეალიზება. მინდა იცოდეთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თითოეული თქვენგანისთვის", - მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოში დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით ხორციელდება და წარმატებით მუშაობს. „ერთ-ერთი ასეთი პროგრამა გახლავთ „მომავლის ბანაკი", რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის განმტკიცებას და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, 16 ქვეყანაში ხორციელდება ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური ქართველი ახალგაზრდები.

ეს არის სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება და ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში. მიგვაჩნია, რომ მშობლიური ენის შენარჩუნებასა და შესწავლას უდიდესი დატვირთვა აქვს დიასპორებისთვის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ ამ საქმეში. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად თურქეთსა და საბერძნეთში საჯარო სკოლებში უკვე ისწავლება ქართული ენა და შედგენილია სათანადო სახელმძღვანელოები. ასევე, საკვირაო სკოლებისთვის პირველად შემუშავდა ერთიანი სასწავლო პროგრამა და მზადდება ინტეგრირებული სახელმძღვანელოები. წელს განხორციელდება დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია დიასპორასთან დაკავშირებული კვალიფიციური ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ასევე საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად მუშავდება დიასპორული ორგანიზაციების მართვის სპეციალური პროგრამა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ჩამოყალიბდა, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს საქართველოს და დიასპორის ყველა წარმომადგენელს, რადგან თითოეული წარმატებული ქართველი საქართველოსთვის სიამაყეა. დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-პრემიერმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შვილმა, რეჯებ ჟორდანიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური