საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-26

12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ჰყავდა დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცული იყო. პარლამენტის ერთ-ერთი წევრი მუსლიმი ქალბატონიც გახლდათ. სისტემა აგებული იყო ევროპის ძირეული პრინციპების საფუძველზე. მას შემდეგ სამწუხაროდ ბევრი რამ მოხდა. იმ დამოუკიდებლობამ 3 წელს გასტანა. მას შემდეგ დადგა ჩვენი საერთო ისტორიული წარსული. ქართველები მუშაობდნენ პოლონეთის მთავრობაში, მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ. მადლობელი ვართ ამ ერთიანი წარსულის გამო, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვული იყო მთელი ეს წლები და ახლა, როცა უკვე 27 წელია დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და ხელახლა მოვიპოვეთ, ძალიან მადლობელი ვართ იმ ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თქვენი აქ ყოფნა ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ანჯეი დუდას.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მასში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი კვლავ და მუდამ იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ძალიან მახარებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კარგად ვითარდება და ოპტიმისტურად გამოიყურება. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება", - განაცხადა ანჯეი დუდამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური