პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენ უილ ჰარდთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-03

----

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გასული 2017 წელი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების წარმატება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. კონგრესმენმა ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დადებითად შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკელმა კონგრესმენმა უილ ჰარდმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. კონგრესმენის თქმით, აშშ დიდად აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას.

აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესმენ უილ ჰარდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური