პრემიერ-მინისტრმა გენერალ გარი ჯონსონს სამადლობელი სიგელი გადასცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
მხარეებმა საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რამდენიმე თვის წინ განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციას, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩამოყალიბდა. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სამსახური, რომელიც ოპერატიული ფუნქციებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება, საგანგებო სიტუაციების დროს გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას შექმნის.
პრემიერ-მინისტრმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს მადლობა გადაუხადა ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ბრიტანული მოდელის შესაბამისად ჩამოყალიბდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გარი ჯონსონის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებაში და გენერალს სამადლობელი სიგელი გადასცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური