ოფიციალური მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-08

-----------

მოგესალმებით მეგობრებო,


ჩემთვის უდიდესი პატივია, გიმასპინძლოთ ჩვენი უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ საზეიმო ვახშამზე. 
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ სტუმრებს. ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მსოფლიო სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები ჩამობრძანდნენ დღეს საქართველოში, ამ უდიდესი მნიშვნელობის იუბილეს ჩვენთან ერთად აღსანიშნავად.

დარწმუნებული ვარ, ჩვენისტუმრები დარწმუნდნენ, თუ რამხელა სამეცნიერო ტრადიცია გააჩნია საქართველოს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითოეული ქართველისთვის ძალიან ძვირფასი და საამაყოა.
ჩვენმა უდიდესმა მეცნიერებმა თავიდანვე გაითქვეს სახელი მთელს მსოფლიოში და უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ჩვენი ქვეყნის სახედ აქციეს. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ საქმეს, რომლისთვისაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა უდიდესი შრომა გასწიეს. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საერთაშორისო აღიარების მქონე გამოჩენილი მეცნიერები და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი კიდევ მრავალ მეცნიერს შემატებს მსოფლიო სამეცნიერო ელიტას.
წლევანდელი წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია - უნივერსიტეტის იუბილესთან ერთად აღვნიშნავთ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საიუბილეო გახლდათ 2017 წელიც, ვინაიდან ამ წელს ჩვენმა ქვეყანამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი იზეიმა. ჩვენთვის იყო უდიდესი პატივი, როდესაც დღეს დილით, საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის პატრიარქად მოღვაწეობის 40 წლის იუბილეც აღნიშნა საქართველომ.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა და ჩვენ ვართ დიდი მომავლის ქვეყანა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზეა და ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე განათლების სისტემის რეფორმა დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ განათლება არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ ოჯახში. განათლება არის სწორედ ის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს უზრუნველყოფს ეროვნულ ღირებულებებსა და კულტურულ იდენტობაზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების დანერგვას განათლების სისტემაში. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ჩვენი უნივერსიტეტი თავის ღირსეულ სიტყვას კიდევ იტყვის მომავალში. ეს თანადგომა, რომელსაც დღეს ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი სამეცნიერო წრეებისგან, ვფიქრობ, ძალიან დიდი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარს დაუჭერს ყველა სასიკეთო წამოწყებას, რომელიც ადგილს დაიდებს საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს!


დიდი მადლობა.