საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-08

თქვენო უწმინდესობავ,
ბატონო რექტორო,
მოგესალმებით,
მივესალმები მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, წმინდა სინოდის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მივესალმები სტუდენტებს,
ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს სიხარულს იზიარებენ მსოფლიო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან, თბილისში, რათა ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე ერთად ვიზეიმოთ.
ბატონებო,
ჩემთვის უდიდესი პატივია მოგმართოთ ამ ტრიბუნიდან, რომელსაც ახსოვს უდიდესი ქართველი მეცნიერების, სახელოვანი მამულიშვილების ისტორიული გამოსვლები.
მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო უნივერსიტეტის დამაარსებლის, დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი უნდა აგვირგვინებდეს.
სწორედ ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა იტვირთეს და დაადგეს ეს გვირგვინი ქართულ ეროვნულ განათლებას. მათმა დაუღალავმა შრომამ და რწმენამ იმისა, რომ ქართველებს გვქონდა საამისო ინტელექტუალური რესურსი, შესაძლებელი გახადა, ამ კედლებში ხორცი შესხმოდა ჩვენი სახელოვანი წინაპრების სანუკვარ იდეას და საქართველოს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეპოქა დაწყებულიყო. და სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ყველაზე დიდი ქართველის - დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, ზუსტად ასი წლის წინ.
დღეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს. როგორც ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ბრძანებდა, ,,ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება... რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა... ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ".
უნივერსიტეტის იდეის განხორციელება გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი იყო, ვიდრე, თუნდაც ყველაზე წარმატებული, საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაა. ეს სულისკვეთება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე იქნა აყვანილი, რადგან იგი მომწიფდა მაშინ, როდესაც საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა იმპერიისგან თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა. ჩვენი დიდი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მძლავრი საგანმანათლებლო, ეროვნული კულტურული კერის არსებობას ერთ კონტექსტში განიხილავდნენ. და ეს სულ მალე გამოჩნდა - უნივერსიტეტის დაარსებიდან რამდენიმე თვეში, საქართველომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით, დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ამ თარიღებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ისტორიისთვის.
ასე რომ, 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია, საიუბილეო წელი გახლავთ და ჩვენი დიდი წინაპრების უკვდავი სულების წინაშე ვალდებული ვართ, ღირსეულად აღვნიშნოთ ეს ორი უდიდესი ეროვნული მოვლენა.
საამაყოა, რომ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით იმართება.
მეგობრებო,
100 წლის წინ აქ, ამ კედლებში, თავი მოიყარა ყველა პროგრესულმა იდეამ, რომელიც იბადებოდა სამეცნიერო და კულტურულ წრეებში, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ აქ ყალიბდებოდა ქართულ ენაზე მეცნიერული აზროვნებისა და მეტყველების ჩვევები. როგორც შემდეგ ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა, ,,ახალგაზრდობამ აქ ენა გაიკვეთა..., ქართული კულტურის შესწავლა, ქართული კულტურის ცოდნა მოგვცემდა საშუალებას იმ ძველი მარაგის გამოსაყენებლად, რომელზედაც უნდა აღმოცენებულიყო, თუ გნებავთ, მკვდრეთით აღმდგარიყო ძველი ქართული მეცნიერება, ოდესღაც მდიდარი, მაგრამ შემდეგ დაკნინებული" - ასე ბრძანებდა დიდი ივანე ჯავახიშვილი.
ამავე დროს, უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა აქციეს ეს სივრცე არა მარტო განათლების, არამედ კულტურისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების კერად. თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით არა მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტს, არამედ მსოფლიო ინტელექტუალურ ელიტას დაამშვენებდნენ ქართველი მეცნიერები: პეტრე მელიქიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი უზნაძე, კოტე ბაქრაძე, ანდრია რაზმაძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკო კეცხოველი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და მრავალი სხვა.
დღეს ჩვენი უნივერსიტეტი სწორედ ამ დიდი მეცნიერების ნაშენ ფუნდამენტზე დგას და 100 წლის იუბილეს ხვდება, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის.
უმაღლესი სასწავლებლების გაცვლითი პროექტები, რომლებიც ასე აქტუალურია დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი საუკუნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლის მიმართულებით. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 180-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 50-მდე ქვეყანაში. და მე მივესალმები ქართველოლოგიის კათედრების გახსნას ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც უდავოდ აღსანიშნავი მოვლენა გახლავთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს გახლავთ ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულება აფხაზური და ოსური ენის მიმართ. სწორედ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს ზრუნვა აფხაზური და ოსური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ხდება ასევე საფუძვლიანი, სიღრმისეული კვლევები ოსური ენის მიმართულებით. და სასიხარულოა, რომ დღეს, 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის გახსნითაც აღნიშნავს.
მეგობრებო,
მე მჯერა, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ასი წლის წინ ჩაუდგნენ სათავეში და რასაც ესოდენ დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით აკეთებდნენ, ჩვენ ღირსეულად გავაგრძელებთ და ახალ სიცოცხლეს შევძენთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. ვულოცავ ამ უნივერსიტეტის გმირ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, თითოეულ თანამშრომელს და ყველას, ვისთვისაც ესოდენ ძვირფასია ამ უმნიშვნელოვანესი სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული კერის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშვნა.
დიდი მადლობა, გილოცავთ!