შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-21

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს და უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ - ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც, საზოგადოების სხვა ფენებსაც, რათა მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, პარლამენტის ჩართულობით და დისკუსიებით გადაწყდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, არ დაგიმალავთ, ძალიან დიდ ცვლილებებს გავდივართ, მათ შორის საკუთარ თავშიც და ეს უნდა ითქვას პირველივე წინადადებაში. ჩვენ სხვა საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და ეს მოდელი გულისხმობს პარლამენტის გაცილებით უფრო მაღალ ჩართულობას სტრატეგიული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამაში ჩაბმულია დღეს მთელი მთავრობა. ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება დაა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც მოტივირებულია უპირველეს ყოვლისა მთავრობის ეფექტურობის გაზრდით, სამინისტროებსა და უწყებებს შორის გადაფარვების გამორიცხვითა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, მთავრობაში ჯერ კიდევ 2016 წლიდან განიხილება.

„ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობთ, 18 სამინისტრო ზედმეტი ფუფუნება იყო. ალბათ, 14 სამინისტრო უფრო ადეკვატური რიცხვია და იმ სტრუქტურით, რომლითაც პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის ინსტიტუციური მოწყობა, ვფიქრობთ, გაცილებით ეფექტურ მმართველობას მივიღებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე, გასული წლების მიღწევებზე და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას ემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილი, უმრავლესობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დღეს მომხდარ ინციდენტს და საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემამ. პირდაპირ გეტყვით, მე ვნანობ ამას, რადგან არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ხშირად, იქ ძნელია, გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოების მაქსიმალური დეპოლარიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს და უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ - ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც, საზოგადოების სხვა ფენებსაც, რათა მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ. ეს არის აუცილებელი და ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი მთავრობის მოღვაწეობის. 2018 წელს თქვენ ამას დაინახავთ. ამით მინდა დავიწყო და დავასრულო გამოსვლა, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება, ადამიანებმა ცივილიზებულად ისაუბრონ, თუნდაც ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებზე, გამოთქვან ყველაზე კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ იმ ფორმით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებებში არის მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი სტანდარტები აქედან ჯერჯერობით შორს არის და ეს იქნება უმთავრესი ამოცანა, რომ ჩვენ დავამკვიდროთ დიალოგის, საუბრის სტანდარტი და მაქსიმალურად გავაფართოოთ წრე და რიცხვი იმ ადამიანების, რომლებიც ასეთი ტიპის დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ არ გვინდა მთავრობის მიმართ დითირამბები, არ გვინდა ქება-დიდება იმისა, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ გვინდა, ვიმსჯელოთ და ამონახსნიც ერთად ვიპოვოთ იმისა, თუ რა გზით უნდა წავიდეთ მომავალში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ხედვა არ გვაქვს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი უნდა იყოს ჩართული ამაში. დარწმუნებული ვარ, დარჩება ვიწრო წრე ადამიანების, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ, ესეც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ასეთი ადამიანების რიცხვი იყოს რაც შეიძლება მინიმალური", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ქვეყნის მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მისი თქმით, ოკუპაციის პრობლემა იყო, არის და მომავალშიც იქნება მთავრობის დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხი.

„არ არსებობს დღეს საქართველოში იმაზე უზენაესი ამოცანა, ვიდრე არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი აფხაზების და ოსების დაბრუნება, შერიგება, ერთმანეთთან საუბარი და რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი საქართველოს ფარგლებში", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, უმრავლესობასთან შეხვედრისას, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

„მას აქვს, როგორც კულტურული ფესვები, ასევე, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც, რომელთა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობაში, ვისაუბრეთ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, უმრავლესობის არაერთ წევრთან და მინდა, შემოგთავაზოთ მსჯელობა, როგორ უნდა გავამკაცროთ კანონიც და აღსრულებაც, იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ეს უბედურება, რაცა ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, განსაკუთრებული ძალისხმევა დავხარჯოთ, რომ მივიღოთ უფრო ხელშესახები შედეგი. სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც აქამდე გადავდგით და იუსტიციის სამინისტრომ ამ მიმართულებით, პარლამენტთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მოგვიწევს მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს, რაც საყოველთაო სახალხო ზეიმი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს და სასიამოვნო დამთხვევაა ისიც, რომ აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 25 წლის იუბილე, ხოლო პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

„ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც სცილდება ამა თუ იმ რელიგიას და მინდა, ამ ტრიბუნიდან უდიდესი მოწიწებით დიდი მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რაც ჩვენს ქვეყანაში გააკეთა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. ეს იქნება საერთო სახალხო ზეიმი განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გვინდა, საქართველოს ყველა მეგობარმა იზეიმოს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, პრემიერმა უმრავლესობას ერთობლივად მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებული თანამშრომლობის რწმენა გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური