შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-28

საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველო-სლოვენიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ერიავეცის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და განიხილეს ერთობლივი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივა.

ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სლოვენიური კომპანიების მზარდ ინტერესს, განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება სლოვენიის ვიცე-პრემიერის ოფიციალურ ვიზიტს და ბიზნესდელეგაციასთან ერთად მონაწილეობას თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში", რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.

საუბარი ასევე შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. სლოვენიის ვიცე-პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღმოუჩინოს საქართველოს როგორც საკონსულტაციო, ისე პრაქტიკული დახმარება რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

გიორგი კვირიკაშვილმა სლოვენიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური