საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-28

პატივცემულო მთავრობის მეთაურებო, 

პატივცემულო პრემიერ-მინისტრებო, პატივცემულო ვიცე პრემიერ-მინისტრებო და მინისტრებო,

პატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელნო,

მედიის, ექსპერტული და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, მოგესალმებით,


კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის" სახელით იმართება.  

მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის. 

საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით  და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით. 

დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია,  კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის. 

საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა. 

„დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის" ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი - საჭიროებს აქტიურ საჯარო თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს.

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის" ფორუმს. ფორუმში მონაწილეობას იღებს 37 ქვეყნის დელეგაცია და ასევე, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია. ფორუმისადმი ასეთი ინტერესი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მასში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით. 

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მივცეთ „აბრეშუმის გზის" ფარგლებში როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მივესალმებით „სარტყელი და გზის" ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, რადგან მსგავსი კონკურენცია ხელს უწყობს მომსახურების გაიაფებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას.

საქართველო არის ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან.

საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს "ახალი აბრეშუმის გზის" ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით  დააკავშირა. 

მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას. 

განსაკურებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.

ძვირფასო სტუმრებო, 

ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები. 

იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, „დიდი აბრეშუმის გზის" ამბიციურ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით. 

დღევანდელი შეკრება და ჩვენი ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ლიდერების ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თანამშრომლობითა და კონსტრუქციული მიდგომებით, ღირსეული თანამედროვეობა და მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას.

ძვირფასო სტუმრებო,

როგორც მოგეხსენებათ, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში წამყვანი როლი უკავია მსოფლიოს უმსხვილეს ორ ეკონომიკას, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა. შესაბამისად, ფორუმის დასაწყისში ჩვენ შეგვეძლება, მოვისმინოთ ჩინეთისა და ევროკავშირის მიერ დანახული პერსპექტივები ამ ურთიერთობების შესახებ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის. გისურვებთ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ სამუშაო დღეს. 

დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი, ჩვენი ქვეყნის - საქართველოს შესახებ, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება დატვირთული.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!