საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-27

2 

საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები,  სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმს" ემთხვევა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და  გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.

"უკრაინას ძალიან ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ძალიან მეგობრული, კულტურული ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებების ერთობლივად მიღწევა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ამ მიზნების მიღწევის გზაზე გამოწვევებიც სამწუხაროდ მსგავსი გვაქვს. საქართველო არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან მადლობელნი ვართ, უკრაინის თანმიმდვრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 


საქართველოს მთავრობის მეთაურს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა უკრაინელმა კოლეგამ. ვოლოდიმირ გროისმანმა სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. 

"ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებთან ერთად, ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ეს მხოლოდ უბრალო ვიზიტი არ არის. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელთანაც გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვაგრძოთ ეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა "აბრეშუმის გზის  ფორუმში" და გამოვთქვამ მზადყოფნას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ უკრაინაში ვიზიტისთვის. ეს ხელს უწყობს ორი ქვეყნის მთავრობის დაახლოებას. ჩვენ დღეს საქართველოში წარმოდგენილი ვართ დელეგაციით იმ სფეროებიდან, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, დაწყებული კულტურით და დამთავრებული ეკონომიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვიცით თქვენი, მათ შორის პირადი პოზიციაც, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით. თქვენი პოზიციით თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ დემოკრატიის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლიანობის აღდგენაში", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური