შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-05

  2

საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და მომზადების დონეს. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად კოალიციისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე - სხვა მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური