პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-30

25-29 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.

ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.

ლიდერებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების მანძილზე აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივობას. აღინიშნა შეერთებული შტატების აქტიური როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვასა და საქართველოს დღის წესრიგზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის შიგნით და რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წვლილი.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს - ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების - ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის, IRI-ისა და IIFES-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა. მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს რეგიონალური როლი.

ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და მოდერნიზაციას.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

საქართველოს რეგიონულ როლსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომ ეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ. განიხილეს საქართველოს რეგიონული როლი და მისი სატრანზიტო პოტენციალი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოს ეწვია და შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებით ხვდება, ხოლო უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს ვაშინგტონში, ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში წარუდგინა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვაა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულად მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ბანკის პრეზიდენტთან, ჯეიმს დაიმონთან. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა JPMorgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

JPMorgan Chase-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებთან საუბარი ვიზიტის შედეგების გაცნობით დაიწყო. მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა 25-წლიან მიჯნასთან დგას და ამ დროის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად ჩამოყალიბდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ დადგა დრო ორი ქვეყნის თანამშრომლობის მომავალი 25 წლის სტრატეგია განისაზღვროს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში დაგეგმილი განათლების რეფორმა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სტუდენტებს ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა წარუდგინა და რეფორმის დეტალები გააცნო.

18 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო. უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პრემიერი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა სწავლის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ილინოისის უნივერსიტეტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. "აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა," - აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოალბომი