საქართველოს პრემიერ-მინისტრი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა მთავრობის სახლში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ და შეთანხმებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე, გაფორმდა შეთანხმება, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, საქართველო-ბელარუსის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე გამართა შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში, რომელზეც საქართველოს მიღწევებზე, ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებსა და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა მაღალი ტექნოლოგიების პარკი და მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი, ასევე, გვირგვინით შეამკო სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი.

საქართველოს დელეგაციაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი