პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენში 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ." სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად.

"საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები.

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზებს და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის მნიშვნელობას, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა "ახალ აბრეშუმის გზაზე" ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს.

ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს.

პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

პრემიერი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე.

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა "განვითარების თანამშრომლობის" ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანს.შეხვედრის  მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ხაზი გაესვა რეფორმირების პროცესში აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან.  მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან. საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს პროკურორის ოფისთან და ზოგადად ჰააგის სასამართლოსთან, რათა ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების დანაშაული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი