საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-10

1 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9-10 თებერვალს ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

„ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა და ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა უმასპინძლეს. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა, იოჰანეს ჰანმა და დიმიტრის ავრამოპულოსმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი; საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებას, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.

პროდუქტიული და მეგობრული - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფინალურ გადაწყვეტილებასთან, - ეს განცხადება ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა გააკეთა.

„ევროკომისია ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო წინადადების გასაგზავნად ემზადება. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადება იქნება წარდგენილი. შესაძლოა, ეს მოხდეს ზაფხულში, შესაძლოა - უფრო ადრე", - განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა.

ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გაიმართა ევროკომისართან კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კომისართან ენერგოგაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჰერბერტ ზალბერთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი