საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით პრემიერ-მინისტრის რანგში შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად, 20 იანვარს გაემგზავრა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვიდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრო სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით „შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".

 გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან - მათ შორის, BP, Tata Sons Ltd, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EBRD-ის პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი