სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-15

საჯარო სექტორის თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტი, 55 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 23 კერძო კომპანია „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გააერთიანა - ფონდის საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე შეაჯამა.

პრემიერის ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე, ფონდმა 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა და უკვე 182 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება შეძლო. 182 ბავშვიდან 94-ს დაუფინანსდა ძვირად ღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ, თუ საიდან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის დაფუძნების იდეა. ყველა ჩვენგანი ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც სამი წლის წინ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული პროექტია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის, სამი წლის წინ კი, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება. მანვე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს 200 000 მოქალაქე სრულად განიკურნება დაავადებისგან.

„ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არც ერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. მე მინდა დავაკონკრეტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო. თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ჯამში ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ და ეს სრულიად უფასოდ მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა აშშ-სა და კომპანია "გილეადს" გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სოლიდარობის ფონდის თითოეულ შემომწირველს და საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების იმედი გამოთქვა.

მთავრობს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის პირველი ფორუმი გაეროს სოლიდაობის საერთაშორისო დღეს იმართება და ფორუმში გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისის პირველ ფორუმზე ვმასპინძლობთ ბატონ ფილიპ დუსტე-ბლაზის - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს. ბატონი დუსტე-ბლაზი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ინოვაციური დაფინანსების სფეროში, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა. ასევე მივესალმები ბატონ იანიკ გლემარეკს, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც გაეროს სისტემაში ინოვაციური დაფინანსების, ისე გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის კუთხით,"- განაცხადა პრემიერმა.

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ფილიპ დუსტე-ბლაზი. მისი თქმით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" უნიკალური პროექტია და მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი უნიკალური პროექტია. ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელი და მე ვულოცავ საქართველოს ამ ინიციატივის განხორციელებას. პარიზის სამდივნოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველო აქტიური მონაწილე გახდა გლობალურ დონეზე მიმდინარე დიალოგის და თბილისის ფორუმი ძალიან დროული ინიციატივაა გაეროს ახალი სამოქმედო პლატფორმისთვის, ინოვაციური დაფინანსების ცოდნის კონსოლიდაციისა და თანამშრომლობითი პროგრამის გაფართოებაში,"-აღნიშნა ფილიპ დუსტე-ბლაზიმ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი შეიქმნა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით 2014 წელს, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური