ირაკლი ჩიქოვანი - მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი, მინდა, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-25

ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ვითარება არის დღეს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც სპეციალური საკარანტინო ზომები მოქმედებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
 
მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი და საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული.
 
„48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა  მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და, ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა და ბოლნისშია და მინდა, მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ვინაიდან, ეს შეზღუდვები და ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისა და მთელ საქართველოს მოსახლეობისთვის,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
მანვე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციის  სტატისტიკაზე ისაუბრა.
 
„დღეს ქვეყანაში 73 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, აქედან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  258 იმყოფება სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ და 4000-ზე მეტი ადამიანი არის საკარანტინო რეჟიმში,"- განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.
 
 
მისი თქმით, დაიწყო მარნეულისა და ბოლნისის შემოწმება.  ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით,  უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება.
„მათ უტარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს. ასევე, უტარდებათ სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ამ 20 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ და მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში, მარნეულში,"-  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
 
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის სრული ურთიერთგაგება. მისი განცხადებით, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა, მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება  თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.
 
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოხალისეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავვირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, მოხალისეების მეშვეობით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ადგილზე მიეწოდებათ როგორც სურსათი, ისე მათთვის საჭირო სხვა აუცილებელი ნივთები.
 
„ყველა ადამიანს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ადგილზე ჰქონდეს მიწოდებული სურსათ-სანოვაგე, ან ნებისმიერი სხვა საშუალება, მოხალისეების მეშვეობით, მათ მიეწოდებათ როგორც სურსათი, ისე მათთვის საჭირო სხვა აუცილებელი ნივთები,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
მისი თქმით, დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარნეულსა და ბოლნისის რაიონში სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება.
 
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნობა ვითარებას, რათა ადგილზევე  გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იყოს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან მარნეულსა და ბოლნისში სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყება.
„დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია. ასევე, ისეთი ადგილების, რომელიც გამოირჩევა საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით", -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოლაპარაკე საქართველოს მოქალაქეების სრული და ამომწურავი ინფორმირების მიზნით,  საიტი stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი  სომხურ ენაზეც ამოქმედდება.
 
„საიტი stopcov.ge, საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს საიტი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულად მოვიცვათ და დავფაროთ ჩვენი მოქალაქეები", - განაცახად ირაკლი ჩიქოვანმა.
 
პრემიერის მრჩეველმა საზოგადოებას მიაწოდა ასევე ინფორმაცია stopcov ფონდში შესულ თანხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში #StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა.
 
პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„როგორც იცით, ამოქმედებულია #StopCoV ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთად. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური