საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 6 პირი მონაწილეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ზაურ ოტიაშვილმა, თამარ ჭელიძემ, თემურ ძაგნიძემ, ნინო ქუბინიძემ, ვახტანგ აბაშიძემ და სერგო შავგულიძემ წარადგინეს.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის 16 აპრილს და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.