მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-06

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.