საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6 გაფართოებული სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-27

 

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6 გაფართოებული სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე კახა კახიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობა საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დღემდე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებზეც.

კახა კახიშვილმა სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.

საბჭომ დეტალურად განიხილა რეფორმის ახალი, რიგით მესამე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 70-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმა.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს 6 ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესებას. მათ შორისაა პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.