პრემიერ-მინისტრის კომენტარი მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნა ,,Doing Business 2008" კვლევის შედეგები. აღნიშნული ორგანიზაცია აქვეყნებს მსოფლიო ბიზნესწრეებისთვის ბიზნესის საწარმოებლად ყველაზე სასურველი ქვეყნების ნუსხას, სადაც საქართველომ წლეულს მე-18 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს 37-ე ადგილი, შარშანწინ კი - 112-ე ადგილი ეკავა.

წლეულს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მკვლევრების ყურადღების ცენტრში შემდეგი სფეროები მოექცა:
1. ბიზნესის რეგისტრაცია (დაწყება);
2. ლიცენზიები და ნებართვები;
3. შრომითი ურთიერთობები;
4. ქონების რეგისტრაცია;
5. ხელმისაწვდომობა საკრედიტო რესურსებზე;
6. ინვესტორთა დაცვა;
7. საგადასახადო სისტემა;
8. საზღვარგარეთის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები;
9. კონტაქტების განმტკიცება, გაღრმავება;
10. ბიზნესის დახურვა (გაკოტრება და რეორგანიზაცია).

ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველომ მესამე წელია ლიდერებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევასრულეთ შარშანდელი დანაპირები: - ვთქვით, რომ საუკეთესო ოცდახუთს შორის ვიქნებოდით, და მე-18 ადგილზე ვართ, ანუ მოვხვდით საუკეთესო ოცეულში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ორი მიმართულებით: ლიცენზირების სფეროში განხორციელებული რეფორმით და ინვესტორების დაცვის სფეროში გაწეული რეფორმით საქართველო კვლავ ლიდერობდა წლეულს ჩატარებულ რეფორმებში. ინვესტორთა დაცვის რეფორმა სამ უმთავრეს რეფორმას შორის დასახელდა ამ მოხსენების მიხედვით.

განვიხილოთ, რას გამოიწვევს ეს. უკვე ცნობილია, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ზრდის ტემპი 12,5 პროცენტია, წლის ბოლოსათვის ჩვენი ვარაუდით იქნება 14-15-პროცენტიანი ზრდა, ველოდებით დაახლოებით 90 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოს ეკონომიკაში. შესაბამისად, ეს გამოიწვევს უფრო მეტ ინვესტიციას საქართველოში და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. სწორედ ეს არის საზოგადოების მთავარი დაკვეთა და მოთხოვნა.

ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამ რეიტინგებით, ასევე სარეიტინგო ინსტიტუტების მიერ მონიჭებული რეიტინგებით (წელს საქართველოს მიენიჭა ,,BB-" საკრედიტო რეიტინგი), საქართველოს საინვესტიციო სტრუქტურების, ბანკების, საფინანსო ინსტიტუტების მიერ საზღვარგარეთ აღებული სესხების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. შესაბამისად, მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობაც იზრდება, პროცენტი კი მცირდება. ახლა ზუსტ ციფრებზე საუბარი, ალბათ, არ არის საჭირო, რადგან ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტის, ანუ ბანკსა და კლიენტს შორის გარიგების შედეგია. ამ წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად შემცირდა, ანუ თუ სულ რაღაც ორი წლის წინათ ის იყო დაახლოებით 24-28 პროცენტი, დღეს საპროცენტო განაკვეთი უკვე, ძირითადად, 20 პროცენტის ფარგლებშია, ამასთან არსებობს 15-პროცენტიანი და 12-პროცენტიანი სესხებიც.

ამ კვლევით დადასტურდა, რომ მცირე ბიზნესისათვის საკმაოდ სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ჩვენ ვამარტივებთ ბიზნესის წარმოების ყველა სფეროს. მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს პროცედურები ბიზნესის ყველა სფეროში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და, შესაბამისად, ამის შედეგებიც გვაქვს. წელს შეიქმნა საკმაოდ ბევრი საწარმო საქართველოში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში და 90 ათასი კაციდან, რომლებიც დასაქმდება წელს საქართველოს ეკონომიკაში, ნახევარზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი