პრემიერ-მინისტრი კახეთში რთვლის მიმდინარეობას გაეცნო

3 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გურჯაანში გაემგზავრა. მან დაათვალიერა ღვინისა და წვენების გადამმუშავებელი სამი ქარხანა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა დადებითად შეაფასა რთვლის მიმდინარეობა და მისი შედეგები. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მთელი მოსავლის უდანაკარგოდ დაბინავებისთვის საჭირო დამატებით ღონისძიებებზე, გეგმებზე და შესაბამისი დავალებები მისცა სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრებს.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის სხდომის დაწყებამდე ზოგადად მიმოიხილა კახეთში შექმნილი მდგომარეობა და რთვლის მიმდინარეობის გამო კმაყოფილება გამოხატა, მან აგრეთვე დეტალურად ილაპარაკა ყურძნის ფასზე, ყურადღება გაამახვილა მოსავლის გადამუშავების ორ ახალ პროგრამაზე, კერძოდ, ყურძნის წვენისა და სპირტის დამზადებაზე. იმედი გამოხატა, რომ მევენახეები და მეღვინეები რთვლის ტემპით კმაყოფილი არიან, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთველი ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, სახელმწიფო ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ან პრობლემატური საკითხის დროულად და სათანადოდ გადაჭრისთვის მზად არის:

- ,,უკვე გადამუშავებულია დაახლოებით 22 000 ტონა ყურძენი; ანუ გადასამუშავებლად დაგეგმილი ყურძნის დაახლოებით მესამედი. რთველი უკვე ძირითად ფაზაშია შესული. მოსაკრეფი ახლა უფრო მეტია თეთრი ყურძენი; საფერავის კრეფა უკვე მთავრდება, მისი ფასი, ძირითადად, 45-50 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ვნახეთ სამი სხვადასხვა ქარხანა. ერთი შედარებით თანამედროვე, ხოლო დანარჩენი სულ ახლახან განხორციელებული ინვესტიციებით გამართული. დიდი ქარხნები შეგნებულად არ გვინახავს, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, სინამდვილეში როგორი სიტუაციაა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ხარისხის რქაწითელი ბარდება 30 თეთრად, შედარებით მაღალი ხარისხის - 35 თეთრად და უკვე გადარჩეულის ფასი 50 თეთრსაც აღწევს. მე ვფიქრობ, მევენახეები ამ ვითარებით კმაყოფილები უნდა იყვნენ. ახლა რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უსწრაფესად ავიღოთ მოსავალი უდანაკარგოდ და დროულად ჩავაბაროთ ქარნებში გადასამუშავებლად.

მართალია კმაყოფილი ვარ რთვლის მიმდინარეობით. თუმცა ჩვენ მაინც განვიხილავთ სხვა საკითხებს, კერძოდ: არის თუ არა საჭირო რამე დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. შარშან სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხით აშენებული წვენების ქარხანა მზად არის ყურძნის მისაღებად და წვენად გადასამუშავებლად, თუმცა, აღნიშნული ქარხანა ჯერჯერობით ღვინის დამზადებაზე მუშაობს. ასევე წელს გვაქვს სპირტის დამზადების პროგრამა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ორი პროგრამის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. ეს ორი დამატებითი ინსტრუმენტი, თუ საჭირო გახდა, ასამოქმედებლად მზად არის. თუმცა, ჯერჯერობით რთველი ნორმალურად მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ მევენახეებიც და მეღვინეებიც კმაყოფილები არიან.

აგრეთვე, უნდა აღვნიშნო ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, რომლებიც, პრაქტიკულად, უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით ინტენსიურად კი ამ ბოლო 4-5 დღის განმავლობაში, რამაც მოსავლის დაბინავების დადებითი დინამიკა განაპირობა და რაშიც ჩვენ ახლა დავრწმუნდით. გურჯაანში, ერთ-ერთ ქარხანაში ჩვენ ვნახეთ, რომ რესტორნები ყიდულობენ ყურძენს, იღებენ იჯარით ქარხანას, ამუშავებენ ღვინოდ და შემდგომ ხარისხიანი ღვინის რეალიზაცია ხდება, რაც მნიშვნელოვანი პროცესია. მინდა მივმართო პეტრე ცისკარიშვილს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა გილაურს, რომ ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდეს. ჩვენ განვიხილავთ სხვა ღონისძიებებსაც, რომ 200 000 ტონა ყურძნის მოსავალი, რომელსაც წელს ველოდებით, დროულად და უდანაკარგოდ დაბინავდეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი